სახლში დაბრუნებულ მეცნიერს, მათემატიკოს მამუკა ჯიბლაძეს, რომელიც 11 ივნისს გაუჩინარდა, სამართალდამცავები დაკითხავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ჯიბლაძე სახლში დღეს მოულოდნელად დაბრუნდა.
მისი თქმით, სამართალდამცავები გაარკვევენ თუ სად იმყოფებოდა ის ამდენი დღის განმავლობაში და რა იყო მისი გაუჩინარების მიზეზი.
მათემატიკოსი მამუკა ჯიბლაძე, რომელიც გამოცდების ცენტრში კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა, მიმდინარე წლის 11 ივნისს გაუჩინარდა. იგი ამ დღეს, 14:00 საათისთვის სახლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელთან მაია მიმონიშვილთან შესახვედრად გავიდა, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.
გაუჩინარებასთან დაკავშირებით მისმა ახლობლებმა პოლიციას მიმართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯიბლაძე სათვალთვალო კამერებმა 17 ივნისის ღამის საათებში საბურთალოზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს.
ამ დროისთვის მამუკა ჯიბლაძე სახლში იმყოფება და ახლობლების განცხადებით, ჯანმრთელადაა და ისვენებს.
