ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.
ამის შესახებ დღეს თორმეტი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების ავტორთა თქმით, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 9 ივნისს დასაკითხად მასობრივად დაიბარა ის ხალხი ვინც ფონდ „ქომაგს“ დახმარების თხოვნით მიმართა.
„უწყების ჩაბარებისთანავე არაერთი მოქალაქე გადაიყვანეს ე. წ. მოდულის შენობაში მუქარით და იძულებით. უწყებაში არ ყოფილა მითითებული მოტივი თუ რასთან დაკავშირებით უნდა დაეკითხათ ისინი. მოქალაქეებს არ მიეცათ ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა. დაკითხვა მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ზოგ შემთხვევაში - 10 საათის განმავლობაში“ - აცხადებენ ავტორები.
მათი ცნობით, ერთ-ერთი მოქალაქე გივი ქურიძე ინფექციური საავადმყოფოდან, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს, მედიკოსების წინააღმდეგობის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძალით გადაიყვანეს „მოდულის“ შენობაში დაკითხვის მიზნით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე ჰყავდათ.
„ქურიძე აცხადებდა, რომ ცუდად გრძნობდა თავს, ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავები მის დაკითხვას ჯიუტად განაგრძობდნენ. დაკითხვის პროცესში ქურიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო და პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში დააბრუნეს. ის დღემდე საავადმყოფოშია და მკურნალობს“- ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და აღნიშნული უკანონო ქმედებების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.
