კომუნიკაციების კომისიამ შპს „სტერეო +“-ის შესახებ ტექნიკური დასკვნა კიდევ ერთხელ მიიღო
კომუნიკაციების კომისიამ შპს „სტერეო +“-ის შესახებ ტექნიკური დასკვნა კიდევ ერთხელ მიიღო
13:51 18.06.2012
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტერეო +“-ის შესახებ მედიაში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტს მიმართა და კიდევ ერთი მტკიცებულების სახით ტექნიკური დასკვნა მოითხოვა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიღებული პასუხის თანახმად, სატელევიზიო სიგნალის დახურვა ანუ მისი კრიპტოდაცვა ე.წ. სკრემბლერების გამოყენებით არის შესაძლებელი, რომელთა ტექნიკური რეალიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ხორციელდება.
კომისიის ინფორმაციით, შპს „სტერეო+“-ის ხელმძღვანელმა დავით ზილფიმიანმა განაცხად, რომ „სტერეო+“-ის მიზანი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სიგნალის ღია ეთერით გავრცელება არ გახლდათ და ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, რადიოხაზებით მომსახურების განხორციელების თანმდევი აღმოუფხვრელი მოვლენა იყო.
„კომისიამ წინა კვირას შესთავაზა „სტერეო+“–ს პრობლემის კოდირებული სიგნალის გაშვებით მოხსნა და ამავე დროს, კომისიის რეკომენდაციისთვის უფრო მაღალი სანდოობის შეძენისთვის, ტექნიკური დასკვნისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც მიმართა. ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტის მიერ მომზადებული ტექნიკური დასკვნა დაემთხვა კომისიის პოზიციას. რაც კომისიისთვის არ ყოფილა მოულოდნელი“- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
ამასთან, კომისია მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასკვნის ასლი მიაწოდოს.

ბეჭდვა