ბიძინა ივანიშვილის საკითხზე სასამართლო პროცესებში საერთაშორისო ადვოკატები ჩაერთვებიან
ბიძინა ივანიშვილის საკითხზე სასამართლო პროცესებში საერთაშორისო ადვოკატები ჩაერთვებიან
12:02 18.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საქმეებზე გამართულ სასამართლო პროცესებში საერთაშორისო ადვოკატები ჩაერთვებიან.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესები რომლებიც გასულ კვირას გაიმართა იყო დადასტურება იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება პრეზიდენტის გავლენის ქვეშაა და იგი ერთპიროვნული მმართველის ზეწოლას განიცდის.
ფანჯიკიძეს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხუთი თვის შემდეგ დაიწყო. რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლო აჭიანურებს დროს, რათა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურვილი შეასრულოს და ბიძინა ივანიშვილმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქის სტატუსით მონაწილეობა ვერ მიიღოს.
“სწორედ ამიტომ კარგად გვესმის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო ვერ შეძლებს ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი ობიექტურად გადაწყვიტოს. ისევე, როგორც მან ვერ შეძლო ივანიშვილისთვის პოლიტიკური მიტივით დაკისრებული 148,6 მილიონი ლარის ჯარიმის საკითხის ობიექტურად გადაწყვეტა“ - განაცახადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა საქალაქო სასამართლოს დაკისრებული ჯარიმა და დაახლოებით 65 მლნ ლარამდე შეამცირა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს კონტროლის პალატა და საქალაქო სასამართო ცდილობდნენ კანონისთვის უკუძალა მიენიჭებინათ.
„კარგია, რომ სააპელაციო სასამართლომ ის მაინც გააკეთა, რომ აღკვეთა საქალაქო სასამართლოს მიერ სამართლის პრინციპების დარღვევა“-აღნიშნა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოში სხდომები საპროცესო დარღვევებით წარიმართა.
მისივე თქმით, უხეშად იქნა ხელყოფილი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპები და დაცვის მხარისთვის სათანადოდ მომზადებისთვის დროის და სხვა პირობების მიცემის საშუალებები.
ფანჯიკიძის განმარტებით, სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ივანიშვილის ადვოკატების დასაბუთებული შუამდგომლობები.
„ქართული ოცნების“ პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ პირველად, უპრეცედენტოდ მოკლე დროში, ერთი კვირის განმავლობაში ივანიშვილს უპრეცედენტოდ დიდი სანქცია დაეკისრა.
„ამ საქმეში ჩარეთვებიან საერთაშორისო ადვოკატები, რადგანაც ეს ძალიან სერიოზული საქმეა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ბეჭდვა