შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დაკავებულია „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა ჭელიძე, რომელიც იგოეთის პოლიციის თანამშრომლის ლაშა კურტანიძის მოსყიდვაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიების ინფორმაციით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ კურტანიძეს შსს-ს თანამშრომლები ფარულად უნდა გადაეღო.
„განხორციელდა შეხვედრების სიმულირება, რომლის შედეგადაც დადასტურა ფარული ჩანაწერის მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი. გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მოპოვებული მტკიცებულებები. მან აღიარა დანაშაული და მოახერხა მისი შემკვეთის - ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა“ - განაცხადა უტიაშვილმა.
მისივე თქმით, კურტანიძემ მოგვიანებით დაარღვია შეთანხმების პირობები და მიიმალა. ჭელიძე კი, დაკავებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღესვე აღიარებითი ჩვენებების ვიდეომასალა გაავრცელა.
