ირაკლი სესიაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს ზაზა ჭელიძეზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ირაკლი სესიაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს ზაზა ჭელიძეზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
17:19 17.06.2012
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.
სესიაშვილი მოითხოვს სამართალდამცავმა ორგანოებმა „ქართული ოცნების“ წევრზე, ზაზა ჭელიძისა და მის ოჯახის წევრებზე ყალბი ჩვენებების მიღების მიზნით ზეწოლა შეწყვიტონ.
ამის შესახებ სესიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გაუგებარია, ტელევიზიის საშუალებით გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი და ისიც, რაზეც ზაზა ჭელიძე საუბრობდა.
„მე დიდი ხანია ვიცნობ ზაზა ჭელიძეს, ვმეგობრობთ და დღეს ერთადაც ვაპირებდით ქალაქგარეთ ნაკვეთში მუშაობას. როგორც გავარკვიე, დღეს დილით მასთან სახლში მივიდნენ კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები და ფეხმძიმე მეუღლესთან და მის ძმებთან ერთად სადღაც წაიყვანეს. მე ვვარაუდობ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია მასზე და მის მეუღლეზე ზეწოლის შედეგად“- ნათქვამია სესიაშვილის განცხადებაში.
მისივე განმარტებით, ზაზა ჭელიძე, როგორც იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო ბიუროს ყოფილი მუშაკი, იცნობდა სამართალდამცავი ორგანოების ბევრ თანამშრომელს და ამბობდა, რომ ბევრ პოლიციელს თავად ამუვიდა ყელში ხელისუფლების მოქმედებები და ისინიც ელიან ცვლილებებს.
„მე და ზაზას არაერთხელ გვისაუბრია უამრავ საკითხზე, მათ შორის პოლიტიკურ თემებზეც და საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე. მეც მითქვამს მისთვის და მასაც უთქვამს ჩემთვის, რომ უამრავი საჯარო მოხელე კერძო საუბრებში ოპოზიციურ განწყობებს აფიქსირებს“- აცხადებს სესიაშვილი და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება რაიმე თანხის სანაცვლოდ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელებას, სრული აბსურდი და შეთითხნილი ბრალდებაა.
„ამიტომ მე თავად ვარ მზად, დაინტერესების შემთხვევაში, ვუპასუხო საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების ყველა კითხვას“- განაცხადა სესიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა ჭელიძე პოლიციელის მოსყიდვის გამო იქნა დაკავებული. დღესვე, სამინისტრომ გაავრცელა ოპარტიული მასალა, რომელშიც ჭელიძე საუბრობს, რომ ერთ-ერთი პოლიციელისგან მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები პოლიციელების განწყობასთან დაკავშირებით მან ირაკლი სესიაშვილს გადასცა, სესიაშვილისგან კი, პოლიციის თანამშრომლისთვის ლაშა კურტანიძისთვის გადასაცემად კონვერტი მიიღო.

ბეჭდვა