ბიძინა ივანიშვილის 149 მლნ ლარიანი ჯარიმა 74 325 065 ლარამდე შემცირდა
ბიძინა ივანიშვილის 149 მლნ ლარიანი ჯარიმა 74 325 065 ლარამდე შემცირდა
19:49 15.06.2012
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით 149 მლნ ლარიანი ჯარიმა თითქმის გაუნახევრა.

სააპელაციოს დადგენილება ორ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორივე საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა გაუნახევრა.

შპს „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ რესურსების პოლიტიკური და წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაზე დაკისრებული 22 429 941 ლარიანი ჯარიმა 11 214 970 ლარით შეიცვალა.

კომპანია „გლობალ ტვ“-ს ანტენებთან დაკავშირებით კი, 126 220 190 ლარიანი ჯარიმა 63 110 095 ლარამდე შემცირდა.

„ბიძინა ივანიშვილის სარჩელი დაკმაყოფლედეს ნაწილობრივ და თბილისის „საქალაქო სასამართლოს“ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შეიცვალოს ერთ-ერთ ნაწილში და ჯარიმის რაოდენობა განისაზღვროს ხუთმაგი ოდენობით“ - აღნიშნა მოსამართლე მერაბ ლომიძემ.

ასევე, ბიძინა ივანიშვილს ეკისრება „გლობალ-ტვ“-ს ბიზნესპროექტის ექსპერტიზის საფასური 2 000 ლარი.

ადვოკატები დადგენილებით კმაყოფილი არ არიან და საქმის სტასბურგში გასაჩივრებას აპირებენ. დაპირებული ჯარიმის გადახდამდე კი, ივანიშვილს 19 დღეს რჩება.

კომპანია „გლობალ ტვ“-ის საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ივანიშვილის ადვოკატებმა შალვა თადუმაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლე ნათია ქუთათელაძემ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მას შემდეგ, რაც მხარეები „გლობალ ტვ“-ს ბიზნესპროექტის ექსპერტიზის დასკვნას გაეცნენ, სხდომაზე თადუმაძემ ექსპერტების დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.
ადვოკატის განმარტებით, აუცილებელია ექსპერტების გიორგი ჩადუნელის და შოთა ივანაშვილის დაკითხვა, რათა გარკვეულ ფინანსურ ცნებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთონ.
თადუმაძის განცხადებით, ექსპერტების დასკვნასა და კონტროლის პალატის მტკიცებულებებს შორის რამდენიმე სხვაობა ფიქსირდება.
„თუ დასკვნის მიხედვით, გრძელვადიან პერსპექტივაში განხორციელებულ ქმედებაზე „გლობალ ტვ“-ს ხარჯი 97 ლარი აქვს, ხოლო მოგება 432 ლარია, მე როგორც არაფინანსისტმა შემიძლია დავასკვნა, რომ ეს თანხა ბევრად აღემატება საწყის თანხას. მჭირდება ფინანსისტების განმარტება, რომ დამარწმუნონ არის თუ არა ეს პროექტი არარენტაბელური და საიდან გამოიტანეს დასკვნა, რომლის მიხედვით, „გლობალ ტვ“-ს პროექტი წამგებიანი იყო“ - განაცხადა თადუმაძემ და აღნიშნა, რომ ექსპერტების მიერ მოცემული რიცხვები მნიშვნელოვნად განსხვავედება იმ ციფრებისგან, რასაც კონტროლის პალატა თავის მტკიცებულებებში ასახელებდა.
მისი თქმით, კონტროლის პალატის მონაცემებით, „გლობალ ტვ“-ს ხარჯი ერთ კონკრეტულ საქმეზე 115 ლარია, ხოლო ექსპერტებმა 97 ლარი დაასახელეს.
„რატომ არის, რომ კონტროლის პალატის რიცხვები 20%-ით აღემატება ექსპერტთა გამოთვლებს? როცა ვამბობდით, რომ კონტროლის პალატის გამოთვლები სავსეა ცრუ მონაცემებით, აღნიშნული დასკვნა ამის დადასტურებაა“ - განაცხადა თადუმაძემ.
ივანიშვილის ადვოკატებმა ექსპერტთა დაკითხვის გარდა, „გლობალ ტვ“-ის ბიზნესგეგმის შემდგენლის, ფინანსისტ გიგა ლებანიძის დაკითხვაც მოითხოვეს, ასევე, შუამდგომლობა დააყენეს კონტროლის პალატის მტკიცებულებების საქმიდან ამოღების თაობაზე. ადვოკატების განმარტებით, კონტროლის პალატის მტკიცებულებები ყალბ მასალას შეიცავს.
კონტროლის პალატის მხარემ განმარტა, რომ ექსპერტთა დაკითხვა არაფრისმომცემია, რადგან მათ თავისი დასკვნა უკვე დადეს და აპელანტი მხარის შუამდგომლობები საფუძველს მოკლებულია.

ბეჭდვა