„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 17 ივნისს ოზურგეთში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საია-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.
საია-ს ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციები დაკვირვებას წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობის, შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ოზურგეთში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 17 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე
მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
საია და „სამართლიანი არჩევნები“ იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, ასევე, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.
