კონტროლის პალატა სამართალდამცავ ორგანოებს სამტრედიის მოსახლეობისთვის გარკვეული სამედიცინო დახმარების
დაფინანსების თაობაზე ინფორმაციასთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს.
კონტროლის პალატის განცხადებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეფასებით, ერთ-ერთ ტელესიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია სამტრედიის მოსახლეობისათვის გარკვეული სამედიცინო დახმარების დაფინანსების თაობაზე, პროკურატურის მხრიდან მოკვლევის ჩატარებას საჭიროებს აღწერილ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენასთან დაკავშირებით.
ამასთან, პალატის ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახური გააგრძელებს აღნიშნული ინფორმაციით გავრცელებული გარემოებების შესწავლას.
კონტროლის პალატას გუშინ ტელეკომპანია „მაესტროს“ სიუჟეტში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით, რეაგირებისკენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივმა დამცველმა“ მოუწოდა.
„სიუჟეტში ჩანს საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო კანდიდატის ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის განხორციელებული ქმედებები, კერძოდ სამტრედიის სავარაუდო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტატის ნდობით აღჭურვილი პირები, როგორ ცდილობენ ამომრჩევლის მოსყიდვას“ - ნათქვამია მათ განცხადებაში.
ორგანიზაციამ იმედი გამოთქვა, რომ კონტროლის პალატა ამ ფაქტზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენდა.
