„გლობალ-ტვ“-ს ამერიკელი მეწილე საქართველოს დღეს დატოვებს
„გლობალ-ტვ“-ს ამერიკელი მეწილე საქართველოს დღეს დატოვებს
11:29 15.06.2012
კომპანია „გლობალ-ტვ“-ს ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი, სავარაუდოდ, საქართველოს დღეს დატოვებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ადვოკატმა  ლილი გელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოწმის სტატუსით რონჟესის დაკითხვა გუშინ თბილისის აეროპორტის ერთ-ერთ ოთახში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკითხვის შემდეგ კი, იგი გაათავისუფლეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, რონჟესს არანაირი არადეკლარირებული ფული არ ჰქონია და ამის შესაბამისი ყველა დოკუმენტაცია წარადგინა.

„ალექსანდრე რონჟესს არავითარი ფული არ გადაჰქონდა, ეს დაკითხვის დროს გამოირიცხა. არ ვიცი საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, ფულის გადატანაზე არავითარი შეკითხვა არ დასმულა. უბრალოდ, ბანკის მეშვეობით გადაირიცხა გარკვეული თანხა და ამ თანხის წარმომავლობაზე იყო მხოლოდ საუბარი. მან ყველა შესაბამისი დოკუმენტი წარადგინა, ეს იყო ლეგიტიმური და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩატარებული ფინანსური ოპერაცია, რომელიც მის პირად ინტერესთან იყო დაკავშირებული“ - განაცხადა ლილი გელაშვილმა და დასძინა, რომ სხვა არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და სწრედ ამიტომ მოხდა აღნიშნული პირის გათავისუფლება.

მისივე თქმით, გუშინ დაკითხვის შემდეგ რონჟესმა გაგმგზავრება მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხის გამო ვერ მოახერხა.

„გლობალ ტვ“-ს ამერიკელი მეწილე მოწმის სტატუსით გუშინ აეროპორტში დააკავეს.

მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამსახურში, ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

მიღებული ინფორმაციის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრ რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21“-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს.

უწყების ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ რონჟესმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლალირება, მიზანშეწონილი იყო მისი მოწმის სახით დაკითხვა.

ბეჭდვა