ფონიჭალაში, სადგურის ქუჩაზე, სამართალდამცავებმა ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი ახალგაზრდა იპოვეს.
21 წლის ზურა სხირტლაძეს ტყვია გულმკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი, მის გვერდით კი - 17 წლის გოგონა, თავის არეში ჭრილობით, უგონო მდგომარეობაში იყო. იქვე იდო გარდაცვლილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. პირველი ვერსიით, ახალგაზრდები შეყვარებულები იყვნენ. სხირტლაძემ შეყვარებული ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა, შემდეგ კი - თავი მოიკლა.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად, შესაძლოა, გოგონას იარაღი გაუვარდა და შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.
გარდაცვლილის ოჯახი არც ერთ ვერსიას არ ეთანხმება და ეჭვი აქვს, რომ საქმეში მესამე პირი ფიგურირებს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილს კონფლიქტი უცნობ პირთან შეყვარებულის გამო ადრეც ჰქონდა.
დაჭრილი გოგონა ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა ორი ოპერაცია. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
