თბილისის სააპელაციო სასამართლო დადგენილებას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების საჩივარზე, რომელიც
კომპანიებს შპს „ბურჯს“ და „ელიტა ბურჯს“ უკავშირდება, დღეს გამოაცხადებს.
საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიმართ კონტროლის პალატის ბრალდებას - კომპანიების შპს „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ რესურსების პოლიტიკური და წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ბიძინა ივანიშვილი 22 მილიონ 429 ათას 941 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
მოსამართლეებმა მერაბ ლომიძემ, ირაკლი შენგელიამ და ლეილა მამულაშვილმა გუშინ არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობები.
მოსამართლე ლომიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლო დადგენილებას დღეს, 15.00 საათზე გამოაცხადებს.
