„ახალგაზრდა ადვოკატები“ კონტროლის პალატას განათლების სამინისტროს ქმედებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ კონტროლის პალატას განათლების სამინისტროს ქმედებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
19:52 14.06.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კონტროლის პალატისგან მოითხოვს დროული რეაგირება მოახდინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლოდროინდელ ქმედებებზე,  რომელიც შეიცავს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და პოლიტიკური მექრთამეობის განხორციელების ნიშნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წლის ზაფხულის არდადეგებზე, სტუდენტური დასაქმების „Sammer Job” ერთთვიან პროგრამაში მონაწილე ბაკალავრიატის 25 000 ათასამდე სტუდენტისთვის სავალდებულო ხდება მონაწილეობა მიიღონ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილ შეხვედრებსა და ღონისძიებებში, ხოლო ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის საჭიროებას მმართველი პარტიის კოორდინატორები გადაწყვეტენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს, სტუდენტების პარტიულ აქტიურობებში გამოყენების ვარაუდი 2012 წლის 7 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის პროგრამაში რეგისტრირებულ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამოითქვა, რომლის დროსაც მინისტრმა პროგრამაში ახალდარეგისტრირებულებს პროექტის მნიშვნელობა და სახელშეკრულებო პირობები გააცნო.
„მინისტრმა სტუდენტებთან საუბარში ირიბად მიანიშნა, რომ პროგრამის მონაწილეები სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ სხვადასხვა აქტიურ ღონისძიებებში მიიღებდნენ მონაწილეობას, რასაც შემდგომში მოჰყვა კიდეც მმართველი პარტიის თბილისის რაიონული კოორდინატორების გააქტიურება და არსებული ინფორმაციით, კოორდინატორებმა მიიღეს დავალება, პირველ ეტაპზე, აღწერონ სოციალურად დაუცველი სტუდენტთა რაოდენობა“- აცხადებენ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ ცნობილი გახდა კიდევ ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ მოქმედებას ეხება. კერძოდ, ივნისის დასაწყისში, დედაქალაქის თითქმის ყველა სკოლას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 000–დან 10 000–ლარამდე დაერიცხა, მოცემული თანხა კი, მთლიანად პედაგოგების ხელფასის დანამატში აისახა. მასწავლებლების ინტერესი – რას უკავშირდებოდა მიღებული სახელფასო დანამატი, თითქმის, ყველა დირექციამ იმით დაასაბუთა, რომ ბიუჯეტიდან დარიცხული თანხა სკოლების მოტივაციის გაზრდას ეხებოდა. ორგანიზაციას აღნიშნული ინფორმაცია მთაწმინდის რაიონის საჯარო სკოლის პედაგოგებმა აცნობეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვაყენებთ ორ მოთხოვნას – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო გახადოს სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში მონაწილეებთან დადებული ხელშეკრულების შინაარსი და განმარტებები გააკეთოს თბილისში, საჯარო სკოლებისთვის დარიცხული 10 000 ლარის ოდენობის თანხებთან დაკავშირებით, კერძოდ, რას ნიშნავს მოტივაცია, რომელიც ხელფასის დანამატში გამოიხატება და მეორე – საქართველოს კონტროლის პალატამ შეაფასოს განათლების სისტემაში არსებული აღნიშნული ორი ფაქტი“- აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით შეტყობინებას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორისს კომისიასაც უგზვანის. ორგანიზაცია განმარტებებისთვის მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

ბეჭდვა