არჩილ კბილაშვილი - ალექსანდრ რონჟესის დაკითხვა უკანონოა
არჩილ კბილაშვილი - ალექსანდრ რონჟესის დაკითხვა უკანონოა
19:46 14.06.2012
„გლობალ ტვ“-ის ამერიკელი მეწილეს ალექსანდრ რონჟესის მოწმის სტატუსით დაკითხვაზე შესვენება გამოცხადდა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ რონჟესის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, რონჟესს ამ წუთებში საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი ხვდება.
„ამ წუთებში დაკითხვაზე შესვენებაა გამოცხადებული, რადგან ამერიკის კონსულია მოსული და მას ხვდება. რაც შეეხება მისი მოწმის სტატუსით დაკითხვას, კითხვები შეეხება აღნიშნული პირის ქონებას“-განუცხადა „ნიუსპრესს“ კბილაშვილმა.
ადვოკატის თქმით, მოწმის სტატუსით დაკითხვის შესახებ პირმა წინასწარ უნდა იცოდეს და შემდეგ დაკითხვაზე ნებაყოფლობით გამოცხადდეს. მისივე თქმით, დაკითხვის მიზნით, მოწმის ძალისმიერი გზით დაკავება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც პიროვნება დაკითხვაზე ნებაყოფლობით არ ცხადდება.
„აღნიშნული პირის მოწმის სტატუსით დაკითხვის შესახებ შეტყობინება არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დაკითხვა უკანონოა“ - განაცხადა მან. კბილაშვილის თქმით, ამჟამად, ადვოკატები და ალექსანდრე რონჟესი აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებიან.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურში, ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

„მიღებული ინფორმაციის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21“-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს“ – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ რონჟესმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლალირება, მიზანშეწონილია მისი მოწმის სახით დაკითხვა.

ბეჭდვა