კომპანია „გლობალ ტვ“-ს მეწილის, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ალექსანდრე რონჟესს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით იკითხება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურში, ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
„მიღებული ინფორმაციის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21“-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს“ – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ რონჟესმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლალირება, მიზანშეწონილია მისი მოწმის სახით დაკითხვა.
ალექსანდრე რონჟესის დაკითხვა თბილისის აეროპორტში მიმდინარეობს. მასთან უკვე იმყოფებიან ადვოკატები ლილი გელაშვილი და არჩილ კბილაშვილი.
