კომპანია „გლობალ ტვ“-ს ამერიკელი მეწილის ალექსანდრე რონჟესის ნახვის უფლებას ადვოკატებს ამ დრომდე არ აძლევენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „გლობალ ტვ“-ს ადვოკატმა ზურაბ დიასამიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დაკავებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთ ოთახში ჰყავთ.
როგორც აეროპორტში მყოფმა ადვოკატმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, რონჟესი დაახლოებით 6 საათის წინ დააკავეს.
„ადვოკატები აეროპორტში ვიმყოფებით, მაგრამ მისი ნახვის და დაკავებულთან გასაუბრების საშუალება არ გვეძლება, შესაბამისად, ვერ ვახერხებთ გავარკვიოთ რატომ დააკავეს იგი და რეალურად რაშია საქმე“ - განაცხადა დიასამიძემ.
საქართველოში ამერიკის საელჩოში კი, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
