თბილისის სააპელაციო სასამართლოში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეტანილი ერთ-ერთი საჩივრის განხილვა ორშაბათამდე გადაიდო.
სარჩელი „გლობალ ტვ“-ს ანტენების დამონტაჟებას ეხებოდა. საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშილი წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის „გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში დაადანაშაულა და 126 220 190 ლარით დააჯარიმა, შესაბამისად ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამარლოს მიმართეს.
როგორც მოსამართლე ნათია ქუთათელაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლეს კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებით სპეციფიური ცოდნა არ აქვს, მაშინ ექსპერტიზის დანიშვნაა საჭირო.
მისი თქმით, ექსპერტიზა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალება და საქმეში არსებული მასალები გადაეცემა - ხელშეკრულება და ბიზნესგეგმა იმის გასარკვევად, იყო თუ არა აღნიშნული საქმიანობა „გლობალ ტვ“-სთვის მოგებიანი.
დაცვის მხარემ პროცესზე საქმის შეჩერებისა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, იგი არ დაკმაყოფილდა. მათ მოწმის სახით „გლობალ ტვ“-ს ფინანსური ექსპერტის გივი ლებანიძის დაკითხვაც მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ არც ეს შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.
სხდომა ხვალ 13:00 საათზე განახლდება.
