„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები დავით გამყრელიძე და მანანა ნაჭყებია სენაკის რაიონში სოფლების, ფოცხოს და ლეძაძამეს მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
„მემარჯვენეების“ ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება მინიმალურადაც კი ვერ იყენებს იმ პოტენციალს, რაც სენაკის რაიონს სასათბურე მეურნეობების განვითარების თვალსაზრისით გააჩნია.
„სენაკის რაიონი მდიდარია თერმული წყლებით, რაც პრაქტიკულად არის უფასო და ულევი ენერგეტიკული რესურსი სასათბურე მეურნეობების განვითარებისთვის. იმის ნაცვლად, რომ ეს სიმდიდრე და საშუალება ხელისუფლებამ ხარისხიანი და შედარებით იაფი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე მიმართოს და გამოიყენოს, იგი უყურადღებოდაა მიტოვებული და ტონობით ცხელი წყალი მიწაში იღვრება“ – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
„ახალმა მემარჯვენეებმა“ მოსახლეობასთან საკუთარ ინიციატივაზეც ისაუბრეს, რომელიც ქვეყანაში „სასოფლო ბანკის“ შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა მემარჯვენეების აზრით, გლეხებს და ფერმერებს საშუალებას მისცემს გრძელვადიანი დაფინანსების მიღებით წვრილი და მცირე ფერმერული მეურნეობები, მათ შორის სასათბურე მეურნეობები განავითარონ.
