კბილაშვილი - არ ვიცი რა ქონება აქვს ივანიშვილს საქართველოში, ეს მან და სახელმწიფომ იციან
კბილაშვილი - არ ვიცი რა ქონება აქვს ივანიშვილს საქართველოში, ეს მან და სახელმწიფომ იციან
15:25 14.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღების მოთხოვნით, ქართულ სახელმწიფოს თეორიულად შეუძლია სხვა სახელმწიფოს მიმართოს, თუმცა, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ერთი სახელმწიფო არ ცნობს.  

ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა არჩილ კბილაშვლიმა „ნიუსპრესთან“ საუბარში გააკეთა. მისი თქმით, არავის აქვს ილუზია, რომ ივანიშვილის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანოს, რადგან, მისივე თქმით, ასეთ გადაწყვეტილებას არც ერთი სასამართლო არ ცნობს.

როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის განცხადებით, ის არ აპირებს დაკისრებული 148 მლნ ლარიანი ჯარიმის გადახდას, რომლის ვადა 18 ივნისს იწურება.

„რა მოხდება ვადის ამოწურვის შემდეგ, ეს კონტროლის პალატის ქმედებებზეა დამოკიდებული“- განაცხადა კბილაშვილმა.

კერძოდ, მისი თქმით, კონტროლის პალატას უკვე 19 ივნისს ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლო აღმასრულებელს, რომელიც თავის მხრივ, უფლებამოსილია ივანიშვილს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების ერთკვირიანი ვადა მისცეს.

„იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი გადაწყვეტილებას არც ამ ერთი კვირის განმავლობაში დააკმაყოფილებს, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია მისი უძრავ-მოძრავი ქონება მხოლოდ საქართველოში დააყადაღოს, თუ ასეთი ქონება აღმოჩნდება“ - განაცხადა კბილაშვილმა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, თუ საქართველოში მსგავსი ქონება დაფიქსირდა, აუქციონზე გატანამდე ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს და უნდა შეფასდეს.

„არ ვიცი რა ქონება აქვს ივანიშვილს საქართველოში, ეს თავად ივანიშვილმა და სახელმწიფომ იციან. მე მისი ქონება არ შემისწავლია“-განაცხადა კბილაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა ორი ოქმი განხილვის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილს 126 220 190 და 22 429 941,3 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

პირველ შემთხვევაში საქმე ეხება მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგებას. სასამართლომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში დაადანაშაულა.

მეორე შემთხვევაში კი, სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების ,,ბურჯისა” და ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომსახურებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა.

ბეჭდვა