კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს სამართალდამცავებს ექსპერტ გია ხუხაშვილის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის ფაქტის სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდა.
როგორც ფანჯიკიძემ დღეს გია ხუხაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კოალიცია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ აღნიშნული ფაქტი უმოკლეს ვადებში გამოიძიონ და მასზე სათანადო რეაგირება მოახდინონ, ასევე, საზოგადოებას მომხდარზე რეალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.
მისი თქმით, კოალიცია ხუხაშვილის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის ამსახველ ვიდეო და აუდიო მასალას საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის და ამ ფაქტზე რეაგირებას მოითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს ხუხაშვილმა განუცხადა, მოსასმენი აპარატურა, მის საცხოვრებელ ბინაში მეზობლის ბინიდან კედლის ჭრილის მეშვეობით დაამონტაჟეს.
„ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ ეს არის მოსასმენი აპარატურა რომელზეც დამონტაჟებულია ავტონომიური კვების ბლოკი, რომ იმ შემთხვევაში თუ შუქი ჩაქრა, სიტყვა არ გამორჩეთ. ეს ჩემს პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევაა, მეორეა - მეზობლის ბინაში უკანონოდ შეღწევა“ - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის ორ დანაშაული იკვეთება.
ექსპერტ გია ხუხაშვილის ბინაში მოსასმენი აპარატურა, გუშინ აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ხუხაშვილი მედიას და სამართალდამცავ ორგანოებს დაუკავშირდა.
