საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში
ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის.
ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ბათუმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაზე განუცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა ხშირ შემთხვევაში, პროკურატურის თანხმობაზეა დამოკიდებული.
„ექვსთვიანი მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობას არასდროს იზიარებს თუ მას პროკურატურის თანხმობა არა აქვს. პრობლემაა ისიც, რომ როდესაც საქმე აღმკვეთ ღონისძიებებს ეხება პირს ყოველთვის ეფარდება ის ზომა, რომელსაც პროკურატურა ითხოვს“-განაცხადა ჩუგოშვილმა.
მან აღნიშნა, რომ აღმკვეთი ღონისძიებების გამოყენებისას, ძირითადად ორთვიან წინასწარ პატიმრობას უფარდებენ და ხშირად მიზეზს ვერ ასაბუთებენ.
„ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება, ხშირად უკანონოა. როცა შეიძლება თავდებით უფრო მსუბუქი საშუალებებით გამოუშვან პირი, მის მიმართ მაინც ყველაზე მკაცრ აღმკვეთ ღონისძიებას იყენებენ“ - განაცხადა მან.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მონიტორინგი „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელეს.
