ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დნმ-ის ერთიანი
საინდექსაციო სისტემის (CODIS)-ის დანერგვას გეგმავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო „რედისონში“ შეხვედრა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, CODIS პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.
საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის სამართალდამცავი უწყებები აქტიურად იყენებენ დნმ-ის მონაცემთა ბაზას, ქვეყნის გარეთ მისი გავრცელება კი, მხოლოდ ახლახანს დაიწყო და საქართველო ერთერთი პირველია, სადაც CODIS-ის უახლესი სისტემა დაინერგება.
დნმ-ის მონაცემთა ბაზას ძირითადად სამართალდამცავები გამოიყენებენ.
სისტემის ასათვისებლად სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ერთკვირიან მომზადებას გადიან. ტრენინგის დასრულების შემდეგ, ქართველ სპეციალისტებს შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ინსტრუქტორები შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემენ.
CODIS სისტემა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ბაზაზე 1994 წელს შეიქმნა და დნმ-ის მონაცემთა ელექტრონული ანალოგია.
საქართველოს დნმ ლაბორატორია ამიერკავკასიის რეგიონში პირველი დაწესებულება იქნება, სადაც CODIS დაინერგება.
როგორც აშშ-ს საელჩოში აცხადებენ, CODIS მონაცემთა ბაზა სამართალდამცავებს მუშაობას გაუადვილებს, შესაძლებელი გახდება დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუშების უზუსტესი მექანიზმით მოძიება, რაც საქართველოს საერთაშორისო სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობაში დაეხმარება.
სამართალდამცავი სექტორის ხელშეწყობის გარდა, CODIS მონაცემთა ბაზა გენეტიკურ იდენტიფიკაციაში გამოიყენება, კერძოდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა პოვნაში, კატასტროფებისა და უბედური შემთხვევის დროს დაღუპულთა ამოცნობაში.
