გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის
ახალ ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ჯიბლაძის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ მიმართა და ძებნა მიმდინარეობს.
მამუკა ჯიბლაძე გამოცდების ცენტრში კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. 11 ივნისს კი, 14:00 საათისთვის ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს უნდა შეხვედროდა და შემდეგ ლექციაზე წასულიყო. სახლიდან გამოსვლის შემდეგ იგი არავის უნახავს,მას თან არ აქვს მობილური ტელეფონი.
მამუკა ჯიბლაძე დაახლოებით 50 წლისაა და იგი სახლში დედასთან ერთად ცხოვრობდა. ცენტრის თანამშრომლებს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვთ და ამბობენ, რომ მთავარია, ჯიბლაძეს ოჯახს ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნდეს. მათი თქმით, ჯიბლაძე მაღალკვალიფიციური მათემატიკოსია.
მამუკა ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ 60 თანამშრომელთან ერთად დატოვა, რომლებიც სამსახურიდან პროტესტის ნიშნად, ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო წამოვიდნენ.
