საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართავს.
გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაიწყოს გამოძიება სენაკის პოლიციის თანამშრომლების მიერ ზურაბ ლაბახუას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით და ასევე, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს პროკურორმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს ზურაბ ლაბახუას სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათი, ხარისხი და ხანდაზმულობა.
მოქალაქე ნონა ლაბახუამ სახალხო დამცველს 2012 წლის 8 ივნისს მიმართა. განცხადების თანახმად, მისი მეუღლე ზურაბ ლაბახუა სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას სასტიკად სცემეს. 11 ივნისს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა და გაესაუბრა ბრალდებულს. პატიმარის ინფორმაციით, იგი 3 ივნისს სენაკში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მიდიოდა, როცა შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცი სწვდა, დაუწყო გინება, ცემა და თან სხვა პირებს უხმობდა. პატიმრის გადმოცემით, მასთან მივიდა კიდევ ოთხი პირი, წააქციეს და ცემა დაუწყეს. შემდეგ დაადეს ხელბორკილები, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს სენაკის პოლიციაში. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, ქუჩაში ცემის ფაქტს მისი ოჯახის წევრები და მეზობლები შეესწრენ. მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლები პოლიციის შენობაში მიყვანამდე მანქანაშიც სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ ლაბახუას გადმოცემით, დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნისას იგი რამდენჯერმე გახდა ცუდად, რის გამოც ოთხჯერ იქნა გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ხოლო 5 ივნისს, სენაკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ იზოლატორში მოთავსების მომენტში, 4 ივნისს, ლაბახუას მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დაჟეჟილობა, მარცხენა თირკმლის და ორივე მუხლის არეში - დაჟეჟილობა. მარცხენა კოჭის არეში - დაჟეჟილობა და შესიება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ 2012 წლის 6 ივნისს შედგენილი სამედიცინო ცნობის თანახმად, ზურაბ ლაბახუას აღენიშნებოდა ორივე თვალბუდის არეში დაჟეჟილობა, ასევე შუბლის წილის მარცხენა მხარეს - ნაკაწრი და ნაჭდევი. მარჯვენა ბეჭის არეში - ნაჭდევი. ორივე მტევნის სახსართან - ნაკაწრები დაფარული ფუფხით. ორივე დუნდულას ზედა კიდეებთან - დაჟეჟილობა.
აპარატში განმარტავენ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ ლაბახუას მონახულებისას, 11 ივნისს, პატიმარს გარეგნული დათვალიერებით კვლავ აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები - ორი კოპი თავზე, საფეთქლებზე - ექსკორიაციები, მარცხენა მხარზე და ორივე თვალბუდეზე - მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ორივე მაჯაზე - ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთი, ორივე მუხლზე და თირკმლის არეში - სისხლნაჟღენთი, ორივე კოჭის არეში - დაჟეჟილობები და სისხლნაჟღენთები, მარჯვენა იდაყვზე - გრძივი ნაკაწრი, მარჯვენა ბეჭის მიდამოში - სისხლნაჟღენთი.
