სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების  წინადადებით მიმართავს
13:35 12.06.2012
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს მანუჩარ ახვლედიანი, ირაკლი ჩანტლაძე და ირაკლი დუნდუა, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
პატიმართა განმარტებით დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
„სამივე პირი აღნიშნავდა, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული საკვები და არ მიეწოდათ თეთრეული. მათი გადმოცემით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას იზოლატორის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება. ასევე, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთ-ერთი მათგანის განმარტებით თანამშრომლები ხელოვნურად ხმაურობდნენ, რომ პატიმარს ძილის საშუალება არ მისცემოდა. კანონით გათვალისწინებული ნივთების მოთხოვნისას კი, შესაბამისი მოხელეები დამცინავად პასუხობდნენ პატიმრებს და მიუთითებდნენ მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ხსენებული დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს. წინადადების ასლი შინაგან საქმეთა მინისტრსაც გადაეგზავნა.

ბეჭდვა