საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ჩატარებული მონიტორიგის შედეგად დაადგინა,
რომ ქუთაისში სააღდგომო დღესასწაულის წინა დღეებში, ქალაქ რუსთავის მოსახლეობას საჩუქრად 20 ლიტრი ღვინო და თითო სული ცხვარი, არა რუსთავის საკრებულოს წევრმა თამაზ გველუკაშვილმა, არამედ ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბარათაშვილმა დაურიგა.
აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ კონტროლის პალატამ გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, კახა ბარათაშვილმა, რომელიც ამავდროულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, რუსთავის მოსახლეობას საჩუქრები საკუთარი სახსრებით დაურიგა და ამ პროცესის ორგანიზებაც თავად განახორციელა.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკითხული პირები.
„კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ სახეზეა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ბარათაშვილმა, ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის გზით, პარტიის სასარგებლოდ 7 920 ლარის უკანონო შემოწირულება განახორციელა, რაც კანონით დასჯად ქმედებას წარმოადგენს“ - ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესაბამისად, სამსახურმა იგი სამართალდამრღვევად ცნო და მის მიმართ არსებული ადმინისტრაციული საქმის მასალები განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.
