„ქართული ოცნების“ წევრის ნიკოლოზ სიხარულიძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ წევრის ნიკოლოზ სიხარულიძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს
17:57 11.06.2012
ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში კოალიცია „ქართული ოცნების” წევრის ნიკოლოზ სიხარულიძის მიერ თაფლის მოპარვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ შსს-მ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

გამოძიების ინფორმაციით, 10 ივნისს ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა ,,ოპელ-ასტრა" სახელმწიფო ნომრით BNB 161, რომელშიც პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების'' წევრები, ქარელის რაიონის მცხოვრები ნიკოლოზ სიხარულიძე, გოჩა გოგიჩაშვილი, შოთა გოგიჩაშვილი, მირზა ცხოვრებაშვილი და ვახტანგ მღებრიშვილი ისხდნენ.

როგორც შსს-ს განცხადებაში ნათქვამი აღნიშნულმა პირებმა ავტომანქანა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში მდებარე ბაზართან გააჩერეს.

„ნიკოლოზ სიხარულიძემ ისარგებლა რა, რომ გამყიდველი, გიორგი ლომიძე მოშორებით ომყოფებოდა, ფარულად დაეუფლა ერთ ქილა თაფლს და შეეცადა მიმალვას. დანაკლისი მასთან მომუშავე გამყიდველმა, თამაზ ლომიძემ შენიშნა, გიორგი ლომიძესთან ერთად გაეკიდა ბრალდებულს და თაფლის ქილა არაერთი მოთხოვნის შემდეგ დაიბრუნა“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ზემოთ ჩამოთვლილი პირები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


ბეჭდვა