„ახალგაზრდა ადვოკატები“ - მიკროავტობუსებში რადიომაუწყებლობის აკრძალვა არაკონსტიტუციურია
„ახალგაზრდა ადვოკატები“ - მიკროავტობუსებში რადიომაუწყებლობის აკრძალვა არაკონსტიტუციურია
17:19 11.06.2012
„თბილისის მიკროავტობუსსა“ და სარეკლამო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება - სამარშრუტო მიკროავტობუსებში რადიო-არხების მაუწყებლობის აკრძალვის შესახებ არაკონსტიტუციურია.  ეს განცხადება დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გააკეთეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თქმით, ამ გადაწყვეტილებით ირღვევა კონსტიტუციის 24-ე მუხლი, ევროკონვენციის 10-ე მუხლი და გაერო-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 19-ე მუხლი.
„მიგვაჩნია, რომ კერძო კომპანიის გადაწყვეტილება გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაა და ლახავს მოქალაქეთა ყველაზე მაღალ სიკეთეს – თავისუფლად, ცენზურის გარეშე მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მერიას „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებაზე რეაგირების და გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვისკენ მოუწოდა.
გარდა აღნიშნულისა, „ახალგაზრდა ადვოკატები“ შექმნილ ვითარებას კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის შეფასებას აძლევს და მიიჩნევს, რომ მოსახლეობას პირდაპირ ეზღუდება შესაძლებლობა მიკროავტობუსით მგზავრობის დროს მოუსმინოს განსხვავებულ აზრს, მიიღოს პოლიტიკური ინფორმაცია, რაც, ორგანიზაციის წევრთა აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ბეჭდვა