ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ნინო ყურუას და კოტე ჯაბუას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
როგორც „ნიუსპრესის“ ქუთაისის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 000 ლარი აქტივისტებმა ათი დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.
კოალიციის ლიდერები სასამართლო პროცესზე არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. მათი თქმით, მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა აქტივისტებს ის მუხლი წაუკითხა, რომელიც დღეს ძალაში აღარ არის.
„ქართული ოცნების“ წევრის თეა წულუკიანის თქმით, მოსამართლემ 164-ე პრიმა მუხლის ძველი ვერსია წაიკითხა, რომელიც დღეს არ მოქმედებს.
„ბრალს უყენებენ ამომრჩევლის მოსყიდვაში, მაგრამ მოსამართლემ არ იცის რა არის მუხლი. მოსამართლემ კიდევ ის არ იცის, რომ დღეს ის იხილავს აღმკვეთი ღონისძიების საკითხს და უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი. მას არ აქვს უფლება იმსჯელოს აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე თუ სახეზე არ არის დანაშაული“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, სააკაშვილმა ადეიშვილთან ერთად 21 წლის გოგონას წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაგეგმა.
„ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე გამოაქვეყნა საბუთი, საიდანაც მტკიცდება, რომ მიშა მესხის მიერ გაკეთებული განცხადებით ხელისუფლებამ ისარგებლა. 6 ივნისს დაგეგმეს სპეცოპერაცია და ამის დოკუმენტი არსებობს“- აღნიშნა წულუკიანმა.
მისი თქმით, ნინო ყურუას კამერით მიუგზავნეს, ვინმე კახა კოღუაშვილი, რომელიც მის პროვოცირებას ახდენდა.
თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილი უკვე დაუპირისპირდა თავისი ქვეყნის ახალგაზრდებს.
მისივე თქმით, ჩანაწერში ყურუა დაპირებას და შეთავაზებას არ აკეთებს, შესაბამისად, მასში დანაშაულის ფაქტები არ იკვეთება.
