შალვა თადუმაძე - კონტროლის პალატა ვერ ასახელებს სანქციას, რომლის განხორციელებასაც მოითხოვს
შალვა თადუმაძე - კონტროლის პალატა ვერ ასახელებს სანქციას, რომლის განხორციელებასაც მოითხოვს
14:37 08.06.2012
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვა 11 ივნისისთვის გადაიდო.
სასამართლო სხდომა 11 ივნისს, 13.30 საათზე დაიწყება.
კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილს ბრალს სდებს, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში.
როგორც დღეს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ,,ქართული ოცნების“ ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, მოსამართლე კობა გოცირიძემ დაცვის მხარის ექვსი შუამდგომლობიდან მხოლოდ ერთი და ისიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც მტკიცებულებების სახით ,,გლობალ ტვ“-ს ბიზნესპროექტის წარდგენას ეხებოდა.
მისი თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საქმის მასალების არსებითი განხილვისა და მნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარდგენის შუამდგომლობები.
თადუმაძის განცხადებით, პროცესი არაობიექტურად მიმდინარეობს, კონტროლის პალატას მტკიცებულებების წარდგენა მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს შეეძლო. გარდა ამისა, მისივე განცხადებით, კონტროლის პალატის მტკიცებულების წყარო ვერ დაასახელეს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელია, რადგან, მისი თქმით, კონტროლის პალატა ვერ ასახელებს სანქციას რის განხორციელებასაც მოითხოვს.

ბეჭდვა