ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ სამ აქტივისტს - გრიგოლ ამბროლაძეს, მიხეილ მესხსა და მიხეილ
ამაშუკელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
როგორც „ნიუსპრესს“ დაკავებულების ადვოკატმა, „საიას“ იურისტმა რეზო თოფურიამ განუცხადა, სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
თოფურიას განმარტებით, გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ლევან თევზაძემ გამოიტანა.
დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს აღნიშნული განჩინების გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაში გეგმავენ, რისთვისაც კანონით 48-საათიანი ვადაა გათვალისწინებული.
ადვოკატის თქმით, დანაშაულს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს, ამიტომ მათი უფლებების დამცველები ითხოვენ, სასამართლოს აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრება არ გამოეყენებინა და უფრო მსუბუქ ღონისძიებაზე ემსჯელა.
მორიგი, წინასასამართლო სხდომა 17 ივლისს ჩატარდება.
დაკავებულებს ამომრჩევლის მოსყიდვა ედებათ ბრალად. გამოძიების მასალების მიხედვით, ისინი 5 ივნისს, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას, "ქართული ოცნების" პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მოქალაქეებს ბუკლეტების შევსების და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით დაპირდნენ 1000 ლარის ფარგლებში ფულის, ან სხვა ქონების გადაცემას.
