„ქართული ოცნების“ ადვოკატის შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე საქალაქო სასამართლოში არ დაკმაყოფილდა
„ქართული ოცნების“ ადვოკატის შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე საქალაქო სასამართლოში არ დაკმაყოფილდა
11:38 08.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დანიშნული პროცესის გადადებაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს განიხილავენ, არ დაკმაყოფილდა.
საქმეს მოსამართლე კობა გოცირიძე განიხილავს, პროცესს კონტროლის პალატის მხრიდან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი ესწრება.
სხდომაზე დაცვის მხარემ ექვსი შუამდგომლობა დააყენა, საიდანაც შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე და მოსამართლის აცილების საკითხზე არ დაკმაყოფილდა.
ამ დროისთვის სასამართლო გასულია ორი შუამდგომლობის განსახილველად, რომელიც მოწმეების დაკითხვასა და კომპანია ,,გლობალ ტვ“-ს დირექტორის ზურაბ ბაზლიძის საქმეში ჩართვას ეხება.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, მათ ვერ მოასწრეს საკითხის სრულფასოვნად შესწავლა და მტკიცებულებების მომზადება, ამიტომ პროცესის გადადება მოითხოვეს.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტსად ცნო.
კონტროლის პალატის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების“ მიერ კომპანიების - “ბურჯის”, “ელიტა ბურჯის” და “გლობალ კონსალტინგ გრუპის” ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხს სწავლობდა. საუბარია ელექტორატისთვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულათასობით სატელიტური ანტენების დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებზე.
კონტროლის პალატა აცხადებს, რომ მონიტორინგის პროცესში მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტებს ადასტურებს.
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ კი, კონტროლის პალატის აღნიშნულ განცხადებას არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევად მიიჩნევენ.

ბეჭდვა