„ქართული ოცნება“ დაკავებული აქტივისტების საქმეზე ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს
„ქართული ოცნება“ დაკავებული აქტივისტების საქმეზე ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს
19:09 07.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ დაკავებული აქტივისტების საქმეზე ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.
კოალიციაში ასევე ითხოვენ, დაკავებულ ახალგაზრდებზე  ზეწოლის შეწყვეტის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველს მათი მონახულების საშუალება მიეცეს. ამის შესახებ კოალიცა „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს.

მასში ნათქვამია, რომ კოალიცია პროტესტს გამოთქვამს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი წევრების ქუთაისში დაკავების ფაქტზე.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდების მიერ ადგილი ჰქონდა პარტიის წესდების მოთხოვნების უხეშ დარღვევას, მაგრამ არა დანაშაულის ჩადენას და ამის გამო, პარტიის პოლიტიკური საბჭოს 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პირები პარტიის წევრობიდან გაირიცხნენ.

თუმცა, კოალიციაში აცხადებენ, რომ წინასწარი გამოძიების წარმოებისას არ იყო აუცილებლი ახალგაზრდების მიმართ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება, მაშინ, როდესაც არათუ გაუაზრებელი დაპირებისათვის, არამედ გააზრებული და დამთავრებული მოქმედებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის, დეპუტატები მხილებულნი არიან ამომრჩევლის მრავალგზის მოსყიდვაში.
„ჩვენ ვემიჯნებით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედების ნებისმიერ გამოვლინებას. მოვითხოვთ, ახალგაზრდებზე ყოველგვარი ზეწოლის შეწყვეტის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველს მიეცეს მათი დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობა. აგრეთვე, მოვითხოვთ ამღკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი სახით შეცვლას და ობიექტურ გამოძიებას“- აცხადებენ კოალიციაში და დასძენენ, რომ „ქართული ოცნების“ გარდაუვალი გამარჯვების მოახლოებამ ხელისუფლება აგონიაში ჩააგდო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ქართული საზოგადოებისა და უცხოური თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულება - სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს, ის უფრო მეტი გააფთრებით განაგრძობს უკანონო მოქმედებას.

„ზეწოლა და მუქარა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ხელისუფლების მიზანია, დაშინებით მოახდინოს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედება, რასაც იგი მაინც ვერ მიაღწევს“- აცხადებენ კოალიციაში.

კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს.




ბეჭდვა