ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების სამინისტროს დემაგოგიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების სამინისტროს დემაგოგიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
18:04 07.06.2012
ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დემაგოგიის შეწყვეტის, ხოლო მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს გადადგომისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამინისტროს ადვოკატთა დისკრედიტაციაშიც ადანაშაულებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო 4 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციას ოპერატიულად გამოეხმაურა, სადაც ჟურნალისტებს კიდევ ერთი გარდაცვლილი პატიმრის შესახებ მისცეს ინფორმაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელთა განმარტებით, სამინისტრომ იმავე საღამოს გაავრცელა ტექსტი, სადაც ის ცდილობს გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატის დისკრედიტაციით და შეურაცხყოფით კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას გაექცეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრთა მტკიცებით, სამინისტრო ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას იმაში, თითქოს, პატიმრისადმი უყურადღებობას თვითონ კი არა, ადვოკატი იჩენდა, რომელიც ამავდროულდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს დემაგოგია, ადვოკატთა მიზანმიმართული დისკრედიტაცია და პატიმრის გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე გამოხატული „ნიანგის მწუხარების“ ნაცვლად, რეალურად იზრუნოს მძიმედ დაავადებული პატიმრების ბედზე“ - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ცენტრის წევრების თქმით, ხათუნა კალმახელიძესთან ერთად, პასუხი უნდა აგოს მისმა გუნდმაც, რომლის საქმიანობამ ბოლო ორი წელი პატიმართა გარდაცვალების ტენდენცია განაპირობა.

როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ცენტრმა 4 ივნისს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვალერი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ცენტრი პატიმრის ინტერესებს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადი პრიორიტეტულად მიიჩნია, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

ბეჭდვა