არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ შესაბამის სტრუქტურებს “Freedom House”-ის მიერ
გამოქვეყნებული ანგარიშის გაზიარებისკენ მოუწოდებს.
როგორც არასამთვრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისმა უწყებებმა ანგარიშში ასახული შეფასებების მიხედვით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ცვლილებები უნდა განახორციელონ.
ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების კუთხით მომდევნო 2012, 2013, 2014 წლები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ძირითადი გზავნილი საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას უკავშირდება.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აღნიშნულ შეფასებას იზიარებს და მიიჩნევს, რომ არჩევნების სამართლიანობისა და გამჭირვალობის ხარისხი ქართული დემოკრატიისთვის ტესტი იქნება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია მედიის როლის გაძლიერება, რათა მედიამ საკუთარი ფუნქცია დამოუკიდებლად შეასრულოს და სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასა თუ მედიაზე რაიმე ზეგავლენა არ მოხდეს.
სამოაქალაქო საზოგადოების კუთხით, ანაგარიში სამოქალაქო საზოგადოებას 3.75 ქულით აფასებს, რაც გასულ წლებთან შედარებით დაბალია.
„42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ ანგარიში იმ საკითხებს დეტალურად ასახავს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს ხელს უშლის და ხელისუფლებას ანგარიშში ასახული შეფასებების გაზიარებისკენ მოუწოდებს.
“Freedom House”-ის დასკვნა გუშინ გამოქვეყნდა. ის 2011 წლის მაჩვენებელს მოიცავს. დოკუმენტი აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის 29 ქვეყანაში იმ ტენდენციებს აერთიანებს, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.
სახელმწიფოები კვლევის ავტორების მიერ 7 ქულიანი შკალით შეფასდნენ, სადაც 1 ქულა არის საუკეთესო მაჩვენებელი და ამ ქულის მფლობელი ქვეყანა მთლიანად დემოკრატიულად ითვლება, ხოლო 7 ქულის მფლობელი – ავტორიტარული რეჟიმის მქონე სახელმწიფოდ.
ანგარიშის ავტორებმა საქართველოში დემოკრატიის დონე 4,82 ქულით შეაფასეს. საარჩევნო სისტემა – 5 ქულით; სამოქალაქო საზოგადოება – 3,75; თავისუფალი მედია – 4,25 ქულით; ქვეყნის დემოკრატიული მმართველობა – 5,75 ქულით შეფასდა; ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა – 5,50; სასამართლო დამოუკიდებლობა – 5 ქულა; კორუფცია – 4,50 ქულა.
სრული დემოკრატიის ქვეყნების სიას 1, 89 ქულით სლოვენია უდგას სათავეში. ნახევრად დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგში 3,14 ქულით ბულგარეთი ლიდერობს, ხოლო „ჰიბრიდული“ რეჟიმის ქვეყნებს შორის 4,14 ქულით პირველ ადგილზე ალბანეთი, მეორეზე ბოსნია და ჰერცოგოვინა – 4,36 ქულით; უკრაინა და საქართველო კი - 4,82 ქულის მფლობელები არიან.
