კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნოშნულია, რომ 2012 წლის 6 ივნისს, ქუთაისის მთავარ სამმართველოში პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი დაიკითხნენ.
„აღნიშნული პირების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების, აგრეთვე, სხვა მოწმეთა ჩვენებების, მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიო-ვიზუალური ინფორმაციებისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისათვის (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით). ზემოთ თქმული გარემოებებიდან გამომდინარე, 2012 წლის 7 ივნისს, აღნიშნული პირები დაკავებული იქნენ ბრალდებულის სახით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად“ - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურა განმარტავს, რომ გამოძიების მიზანია დაიცვას კანონმდებლობით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, თანასწორუფლებიანი წინასაარჩევნო გარემო, მოქალაქეთა და პოლიტიკურ პარტიათა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები.
