არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის შესაძლო
მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრის შესახებ განმარტებებს სთხოვს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დავით საყვარელიძემ შესაძლოა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატად კენჭი იყაროს, რაც კანონის თანახმად, არასამართლებრივია.
„აღნიშნულ თემაზე მთავარი პროკურატურის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი პოლიტიკური ნეიტრალიტეტია. ამავე კანონში ვკითხულობთ, რომ პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას“- აცხადებენ ორგანიზაციაში და განმარტავენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობა პროკურორის ფუნქციებთან შეუთავსებელია.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი” როგორც ,,ნაციონალურ მოძრაობას”, ასევე დავით საყვარელიძეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას სთხოვს.
