„საია“ კონტროლის პალატას „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის კანონდარღვევების გამოძიებას სთხოვს
„საია“ კონტროლის პალატას „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის კანონდარღვევების გამოძიებას სთხოვს
14:49 07.06.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ მიერ მედიცინის მუშაკებთან რესტორნებში შეხვედრების ფაქტის შესწავლასა და პარტიის მიერ შესაძლო კანონდარღვევასთან დაკავშირებით რეაგირებას სთხოვს.
მისი ინფორმაციით, საქმე ეხება 2012 წლის 28 მაისს გასულ ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჯეტს, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რესტორან „მონოპოლსა“ და „ტრიუმფში“ მედიცინის მუშაკებს ხვდებოდნენ და მათ „ალაფურშეტით“ უმასპინძლდებოდნენ. სიუჯეტიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად დედაქალაქის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებიც იყვნენ.
„საჯარო პირების აქტიური მონაწილეობა სააგიტაციო შეხვედრებში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საჯარო პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არის გამიჯნული პარტიული საქმიანობისგან, რაც იწვევს ხელისუფლებისა და პარტიის საქმიანობის აღრევას და ქმნის ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენების რისკებს“-აცხადებენ საია-ში.
მათი განცხადებით, მმართველი პარტიის სააგიტაციო შეხვედრები ამომრჩეველთან დახურულ კარს მიღმა ხდება და მედიის წარმომადგენლებს აღნიშნულ შეხვედრებზე დასწრების და ღონისძიებების გაშუქების საშუალება არ ეძლევათ, რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს შეხვედრებზე გაკეთებული განცხადებების და საარჩევნო დაპირებების შინაარსთან დაკავშირებით.
„ირღვევა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 252 მუხლი, რომლის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდება ან გავრცელება“ -აცხადებენ საია-ში.
ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებსაც.

ბეჭდვა