კონტროლის პალატა პროკურატურას „ქართული ოცნების“ მიერ ბუკლეტების დარიგების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
კონტროლის პალატა პროკურატურას „ქართული ოცნების“ მიერ ბუკლეტების დარიგების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
15:45 06.06.2012
კონტროლის პალატა საქართველოს მთავარ პროკურატურას პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მოქალაქეებისთვის ბუკლეტების  დარიგების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებისთვის ბუკლეტების დარიგება ხდებოდა.
განცხადების თანახმად, ბუკლეტების დარიგების დროს ამომრჩევლებს მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ თავისი თხოვნების დაფიქსირებას სთავაზობდნენ და მათ მატერიალიზებას ჰპირდებოდნენ.
„კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ სახეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164/1 მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნებია, რაც საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში გამოიხატება“ - ნათქვამია განცხადებაში.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მთავარ პროკურატურას აღნიშნული ფაქტის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას სთხოვს.

ბეჭდვა