კოალიცია „ქართული ოცნება“ სამართალდამცავებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ კოალიციის გორის ოფისის გატეხვის ფაქტი. ამის შესახებ
კოალიციის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს გორში ჩავიდნენ და ოფისში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა, ოფისი გამთენიისას გატეხეს.
მისი თქმით, დაუდგენელმა პირებმა შენობაში სავარაუდოდ, მინის კარის ჩამსხვრევის შედეგად შეაღწიეს და ოფისიდან კომპიუტერები და დოკუმენტაცია გაიტანეს.
„ქართული ოცნების“ გორის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მომხდარს პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს და აღნიშნული ფაქტი კოალიციის მხარდამჭერების დაშინებას ისახავდეს მიზნად.
როგორც მან დღეს დილით „ნიუსპრესს“ განუცხადა, დოკუმენტაციაში და კომპიუტერში ალბათ მხარდამჭერების ანკეტების მოპოვება სურდათ, რადგან გარდა კომპიუტერისა, ოფისში სხვა ღირებული ტექნიკაც იყო, რომლისთვისაც ხელი არ უხლიათ.
მისი განცხადებით, კოალიციის გორის ორგანიზაცია მომხდარის მიუხედავად, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
