შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა მონაცემები გამოაქვეყნა.
შსს-ს მონაცემებით, გასულ 2011 წელს საქართველოში 2 822 363 ვიზიტორი შემოვიდა.
რაც შეეხება 2012 წლის მხოლოდ პირველ 5 თვეს, ქვეყანაში უკვე 1 299 685 პირი შემოვიდა, რაც პრაქტიკულად წინა წლის მონაცემების ნახევარია, ხოლო მიმდინარე წლის უშუალოდ მაისის თვეში კი საქართველოში უცხოეთიდან 321 164 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იგივე საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 57.3 პროცენტით მეტია და აღემატება 2011 წლის ე.წ. ”საკურორტო სეზონის” თვეების (ივლისი-აგვისტო) მონაცემებს.
2012 წლის პირველ 5 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან შემოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე მნიშვნელოვანი მატება შეინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია აქტივობა მოლდოვისა და ავსტრიის მოქალაქეების მხრიდან. ამ ქვეყნებიდან ვიზიტორთა რიცხვი შესაბამისად 74% და 71%-ით გაიზარდა.
ამასთან, 2012 წლის პირველი მარტიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად დაწესების შემდეგ, ამ ქვეყნიდან ვიზიტების როდენობა საგრძნობლად გაიზარდა და მხოლოდ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მარტის თვეში მაჩვენებელი გასამმაგდა, ხოლო აპრილის თვეში გაოთხმაგდა კიდეც. ანალოგიური ტენდენცია ნარჩუნდება მიმდინარე თვეშიც. ამასთან, რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტორთა რაოდენობების ჯამურმა მატებამ მაისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით 99.2% შეადგინა.
