შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პატიმრის სანდრო სარდარიანის მხარდასაჭერად დღეს იუსტიციის სამინისტროსთან მდუმარე აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა 15 წლის სარდარიანისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტი გააპროტესტეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სანდრო სარდარიანს ლუდის ქურდობისთვის ორთვიანი პატიმრობა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ შეუფარდა.
ცაგურიას თქმით, არასრულწლოვანი გონებრივად ჩამორჩენილია და მეტყველების დეფექტი აქვს.
„ეს ბავშვი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს, რადგან პროკურატურისა და სასამართლოს ქმედება არაადამიანურია და ამისთვის, ყველამ პასუხი უნდა აგოს“-განაცხადა ცაგურიამ.
15 წლის მოზარდი სამართალდამცავებმა 17 მაისს დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იგი გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე აქციის მონაწილეებს სარდარიანის საქმის გაცნობას დაჰპირდა.
