არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის არ არსებობაზე განცხადებას აკეთებენ.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გაერო-ს ბავშვთა უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა, არ აქვს კონკრეტული სამოქმედო ეროვნული სტრატეგია, რითიც კონვენციით აღიარებული უფლებების დაცვა იქნებოდა შესაძლებელი.
ადვოკატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაზი გაუსვეს არასრუწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის მნიშვნელობას. მათი თქმით, სახელმწიფოს მიზანი მოზარდების არა სასჯელაღსრულების სისტემაში გამოსწორება, არამედ დამნაშავეთა სამყაროსგან მათი გარიდება უნდა იყოს. 2011 წლის მონაცმებით, ქართულ ციხეებში 199 არასრუწლოვანი ვაჟი და 2 გოგონა იხდიდა სასჯელს.
ადვოკატების განცხადებით, 2011 წელს გამოვლინდა მშობლების ზრუნვას მოკლებული ასეულობით ბავშვი, რომლებიც სახელმწიფოს პასუხისმგებელ უწყებებს, ფაქტობრივად, არცერთ რეესტრში არ ჰყავდათ დაფიქსირებული. საუბარია სხვადასხვა თავშესაფარში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს ბავშვთა უფლებების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილ საზოგადოებრივი პრობლემის – ე.წ. „ქუჩის ბავშვების“ მდგომარეობის შეცვლის მიზნით. მათი თქმით, ასეთი სოციალური ფენა საქართველოში ყოველწლიურად მზარდია. არ არსებობს ამ კატეგორიის ბავშვების სახელმწიფო სტატისტიკა. მათივე თქმით, მდგომარეობის გამოსასწორებლად საქართველოს მთავრობის მიმართ გაერო-ს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიცემული რეკომენდაციის მიუხედავად, მეოთხე წელია რეაგირება არ მოჰყოლია.
ორგანიზაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არასრუწლოვანთა გამოხატვის თავისუფლების დაცვას და მათ მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას. ამ კუთხით, ადვოკატებმა მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდეს - დაიცვან თმენის ვალდებულება. მათთვის, ასევე, მიუღებელია არასრუწლოვანთა მიმართ საჯარო სკოლის ადმინისტრაციების მხრიდან ზემოქმედება, რაც დაკავშირებულია მოზარდების მიერ, საჯარო სივრცეში რომელიმე პარტიის მხარდამჭერი მაისურის ჩაცმის გამო გატარებულ სანქციებთან.
„ახალგაზრდა ადვოკატები” მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას არასრულწლოვანთა სოციალური დაზღვევის სისტემა, რათა ბავშვების დაზღვევა თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.
