საია მაია მიმინოშვილის გათავისუფლებას პოლიტიკას უკავშირებს
საია მაია მიმინოშვილის გათავისუფლებას პოლიტიკას უკავშირებს
19:33 31.05.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივაციას უკავშირებს.

როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, ეჭვი რამდენიმე საკითხში გაჩნდა, კერძოდ, როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, თუ გათავისუფლების მიზეზი მართლაც პოზიციების პრინციპული შეუთავსებლობა იყო, რატომ გათავისუფლდა მიმინოშვილი იმ დროს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს და ცენტრისთვის ყველაზე დაძაბული პერიოდია.

საიას განცხადებით, უახლოეს თვეებში დაგეგმილი ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების დროს, აბიტურიენტთა, მაგისტრანტთა და მასწავლებელთა ინტერესების შესაძო დაზარალების რისკი არსებობს.

მათი განმარტებით, აღნიშნული პერიოდი საკადრო ცვლილებებისთვის ყველაზე შეუფერებელია, მითუმეტეს, თუ კონფლიქტი 10 თვე გრძელდებოდა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მიმინოშვილის გათავისუფლების წინა დღეს, 27 მაისს მისი შვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე იმყოფებოდა, რასაც 28 მაისს მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

„სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკური მოტივაციითაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ თავად მაია მიმინოშვილი მის საჯარო განცხადებებში ამ გარემოებას არ გამორიცხავს“ - აცხადებენ საია-ს წარმომადგენლები.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან 28 მაისს გაათავისუფლა. სამინისტროს ინფორმაციით, ამის მიზეზი რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის წარმოქმნილი პრინციპული შეუთავსებლობა გახდა. მიმინოშვილი ვარაუდობს, რომ ის სამსახურიდან მისი შვილის ლაშა ყანჩაველის „ქართული ოცნების“ აქციაზე დასწრების გამო გაათავისუფლეს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე დაინიშნა.

ბეჭდვა