საია სასამართლოს უპატივცემულობისთვის ადვოკატის გაძევების უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
საია სასამართლოს უპატივცემულობისთვის ადვოკატის გაძევების უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
17:31 31.05.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოს უპატივცემულობისათვის ადვოკატის გაძევების და დაჯარიმების უფლებამოსილებას, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგიერთი ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა.
კერძოდ, საია ასაჩივრებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-14 ნაწილების არაკონსტიტუციურობას, რომელიც ადვოკატის მიერ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისთვის გაძევებას, იმავე ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობის აკრძალვას და 50-დან 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
საიას, აზრით სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ვინაიდან გაძევებას და ჯარიმას წინ არ უძღვის ადვოკატის მიმართ გაფრთხილება - შეწყვიტოს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი ქმედება. შესაბამისად, ადვოკატს არ ეძლევა გონივრული დრო აღნიშნული ქმედების შესაწყვეტად. ასევე, გაძევებისა და დაჯარიმების წინ ადვოკატს არ ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები წარადგინოს იმის გასაქარწყლებლად, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას.
საიაში აცხადებენ, რომ ეს სტანდარტები სასამართლოს თვითნებობისაგან დაცვის გარანტიებია, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ ადვოკატის გაძვებასთან და დაჯარიმებასთან დაკავშირებით მიღებული განკარგულება არ საჩივრდება ზემდგომ სასამართლოში, რაც კიდევ ერთხელ ზრდის სასამართლო შეცდომის რისკს. სადავო ნორმები ქმნიან შესაძლებლობას, რომ ბრალდებულს თვითნებურად შეეზღუდოს უფლება, თავისი სურვილით შერჩეულმა ადვოკატმა დაიცვას ბრალდებულის ინტერესები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საიას აზრით სადავო ნორმები ერთდროულად არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე, ამავე მუხლით აღიარებულ დაცვის უფლებას.
საია-ში იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს არგუმენტებს და საკონსტიტუციო სარჩელს დააკმაყოფილებს.

ბეჭდვა