ფონდ „ქომაგის“ შემომწირველი ბიძინა გიორგობიანი ფონდის ანგარიშზე გადარიცხული თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.
ამის შესახებ განცხადება კონტროლის პალატამ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომა სამართალდამრღვევის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა და ბიძინა გიორგობიანი მის მიერ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის - 90.000 ევროს, ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.
კანტროლის პალატის ინფორმაციით, გიორგობიანი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის სამართალდამრღვევად 22 მაისს ცნეს.
პალატაში აცხადებენ, რომ მას გაუგზავნეს სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული საქმის მასალები. ასევე, აცნობეს ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომის დრო და ადგილი.
პალატის ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა საქართველოს კონტროლის პალატაში 28 მაისს იყო დანიშნული. სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად არც სამართალდამრღვევი და არც მის წარმომადგენელი გამოცხადდა და შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომა მათ გარეშე ჩატარდა.
„ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა, რომელიც მისივე საჯარო განცხადებებით, დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ გეგმებთან, საქართველოში არალიცენზირებული ბანკიდან, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, 2012 წლის 10 მაისს 90.000 ევროს ოდენობით უკანონო შემოწირულობა განახორციელა“- ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.
აღნიშნული შემოწირულობის გამო, კონტროლის პალატამ ფონდი „ქომაგის“ ანგარიშები დააყადაღა.
