თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია „7 ნოემბრისა“ და „სამოქალაქო ფრონტის“ წევრებს ადმინისტრაციული პატიმრობა და ფულადი ჯარიმა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილებით, დაკავებულებს მაია მახაშვილს, ქეთევან გოგინაშვილს და ლია გამრეკელს ჯარიმა ოთხას-ოთხასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ზაზა სვანაძეს, ირაკლი ბერაიას და ირაკლი ყაჭიურის 30 დღიანი, ხოლო სერგო კიღურაძეს და აკაკი ომალაძეს 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.
„7 ნოემბრისა“ და „სამოქალაქო ფრონტის“ აქტივისტებმა გუშინ პარლამენტის წინ აქცია გამართეს და 26 მაისს, გელათთან მათი მეგობრების დაკავების ფაქტი გააპროტესტეს. შსს-ს ინფორმაციით, აქციის დროს მათ გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, რითიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი დაარღვიეს.
აქტივისტების დაკავება დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მათი პროცესი გაიმართა.
