განვითარების კვლევითი ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ შსს საშინაო საქმეთა სამინისტროდ ჩამოყალიბდეს
განვითარების კვლევითი ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ შსს საშინაო საქმეთა სამინისტროდ ჩამოყალიბდეს
13:23 29.05.2012
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეორგანიზაციის რეკომენდაციას იძლევა.
რეკომენდაციები, რომელიც სამართალდამცავი სისტემის კონცეფციაშია თავმოყრილი, საზოგადოებას დღეს მისმა ავტორმა ლევან იზორიამ წარუდგინა.
დოკუმენტის პრეზენტაცია სასტუმრო „თბლისი მარიოტში“ გაიმართა, მას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
კონცეფციის ავტორმა შსს-ს სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და რამდენიმე ფაქტორს გაუსვა ხაზი.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოში ჯერ კიდევ 1993 წელს მიღებული „პოლიციის შესახებ“ კანონი მოქმედებს, რომელიც საბჭოთა პერიოდის მილიციის კანონის გადმონაშთია. მისივე განმარტებით, დღეს შსს-ს მთავარი ფუნქცია საპოლიციო ფუნქციაა და სისტემა საკმაოდ პოლიტიზებულია. კონცეფციის ავტორი მიიჩნევს, რომ შსს-ში არ არსებობს საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები.
აღნიშნული ხარვეზებიდან გამომდინარე, ლევან იზორიას რეკომენდაციაა, რომ შსს „ძალოვანი უწყების“ ნაცვლად საშინაო საქმეთა სამინისტროდ ჩამოყალიბდეს.
„აუცილებელია მისი გარდაქმნა სამოქალაქო სამსახურად, რომელიც მმართველობას საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან სფეროებში განახორციელებს“ - განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, შსს-ს პოლიტიკური ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების ხელშეუხებლობის სამართლებრივი გარანტიების შექმნა. იზორია მიიჩნევს, რომ შსს-ს მინისტრი მათ საქმიანობაში უშუალოდ არ უნდა ერეოდეს.
კონცეფციის ავტორის აზრით შსს-ს სისტემაში საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები უნდა შეიქმნას, ამასთან იგი აცხადებს, რომ შსს-ს სისტემის რეორგანიზაციის შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ორი მნიშვნელოვანი დეპარტამენტი - პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას მოიცავს და საზღვრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. ამასთან, კონცეფციის ავტორი განმარტავს, რომ აუცილებელია შსს-ს სისტემიდან სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურები გამოიყოს და ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნას.

ბეჭდვა