იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა დანაშაულებისა და უსაფრთხოების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულ
კვლევას ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ წინა წლებთან შედარებით, დანაშაულის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.
„ეს კვლევა ძალზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საზოგადოებრივ აზრს ეფუძნება და არა ჩვენ მიერ შეგროვებულ სტატისტიკას. ვიქტიმიზაციის ინდექსი საქართველოში დღეს 10-ჯერ უფრო ნაკლებია, რაც ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა, რასაც ბოლო წლებში ვაწარმოებდით სწორი იყო და შედეგი გამოიღო“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, კვლევის შედეგები ზოგიერთ დანაულთან მიმართებით უფრო ლიბერალურ-სამართლებრივ პოლიტიკაზე გადასვლის შესაძლებლობებს იძლევა. მან მაგალითად ნარკოტიკების მოხმარება მოიყვანა.
კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ იმართება და მას ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ასევე, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში 3001 რესპონდენტი გამოკითხეს. შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1.2% გახდა დანაშაულის მსხვერპლი გასული წლის გამავლობაში, რაც წინა წლის მონაცემებზე 13%-ით ნაკლებია.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გაიზარდა მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდა. გამოკითხულთა 98%-ს არ ეშინია ფიზიკური თავდასხმის. 87%-ს კი - აქვს ოჯახი წვრებისა და საცხოვრებელი ბინის უსაფრთხოების განცდა. გამოკითხულთა 94% სეირნობისთვის სახიფათოდ არცერთ უბანს არ მიიჩნევს. მათი 85% უსაფრთხოდ გრძნობს თავს დღისით, ხოლო ღამით 82%.
