სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება
სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება
08:53 29.05.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენა გაგრძელდება.
მისი თქმით, პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
„ესენი ის პოლიციელები არიან, რომლებმაც ჩაჩიბაია დააკავეს. ორი თანამშრომელი წინა პროცესზე დაიკითხა. დანარჩენ მოწმეებს კი, დღეს წარმოადგენენ“ - აღნიშნა შავგულიძემ.
მისივე თქმით, პროცესზე ასევე, ბრალდების მხარის დოკუმენტურ-წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევაც მოხდება.
სერგო ჩაჩიბაია მარტში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ჩაჩიბაია ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიასთვის ინფორმაციის მიწოდების გამო დააკავეს.

ბეჭდვა